ლაიჯების უცნობი ისტორია - ლაჰიჯიდან გომბორამდე
ლაიჯების უცნობი ისტორია - ლაჰიჯიდან გომბორამდე
ლაიჯები საქართველოში ერთი საუკუნის წინ ჩამოსახლდნენ და სოფელ გომბორში დასახლდნენ. ირანული წარმოშობის ხალხი აზერბაიჯანში, სოფელ ლაჰიჯში ცხოვრობდა. მათი თვითსახელწოდებაც სწორედ სოფლის დასახელებიდან მომდინარეობს.
სოფელი გომბორი
თავიდან მათ თათრებს ეძახდნენ, 1939 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ ისინი აზერბაიჯანელებს მიათვალეს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელ გომბორში სულ 304 „აზერბაიჯანელია“ დაფიქსირებული, რომელთაგან დაახლოებით ნახევარზე ოდნავ მეტი თათურ ენაზე მოლაპარაკე ლაიჯებს მიეკუთვნება, დანარჩენი კი აზერბაიჯანულენოვანი „თათები“ არიან.
გომბორელი ლაიჯები ეთნიკური თვალსაზრისით, ირანული წარმოშობის თათები არიან, საუბრობენ თათური ენის ლაჰიჯურ კილო-კავზე. თუმცა ისინი თავიანთ თათურ წარმოშობას უარყოფენ. საქართველოში გადმოსახლების შემდეგ მათ საკუთარი თავი ლაიჯებად გაიაზრეს, საკუთარ სალაპარაკო ენასაც ლაიჯურს უწოდებენ, რომელიც სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვაა.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ლაიჯები საქართველოში ბუნების გამო გადმოსახლდნენ. მათთვის ტყე თავშესაფარისა და ლუკმა-პურის მთავარი წყარო გახლდათ. თავდაპირველად ისინი ნახშირის გამოწვით ირჩენდნენ თავს, თუმცა ეს ტრადიცია მინელდა და ახლა ხელი სოფლის მეურნეობას მიჰყვეს.
ლაიჯები შიიტი მუსლიმები არიან. რელიგიურ ტრადიციებს დღემდე ინარჩუნებენ, თუმცა ენა ახალ თაობაში ნელ-ნელა იკარგება. ლაიჯური ძალიან ჰგავს სპარსულ ენას. მართალია, მათ ამ მსგავსების შესახებ ბევრი არაფერი იციან, თუმცა სპარსული ენის მცოდნე ნაცნობ სიტყვებს აუცილებლად დაიჭერს.
ეთერ ჯაფაროვი
ეთერ ჯაფაროვი საქართველოში დაიბადა და მისთვის სხვა ქვეყანა უცხოა. თუმცა, საკუთარი წარმოშობის შესახებ იცის და ლაიჯურ ენასაც ფლობს. მისი შვილიშვილი ჯუნელა კი, მხოლოდ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე საუბრობს.
"ჩემი წინაპრები ჩამოვიდნენ გომბორში. ნახშირს აკეთებდნენ და ორთაჭალაში ყიდდნენ. დედაც აქ იყო და მამაც. მე აქ დავიბადე, ეს ჩემი სამშობლოა, სხვა ადგილი არ ვიცი. უბრალოდ, ჩემი ერთი შვილი აზერბაიჯანში ცხოვრობს. თუმცა აზერბაიჯანელი სხვაა, ლაიჯი სხვაა. მაგალითად, აზერბაიჯანელი ამბობს, "ჯალბურია" - (მოდი), ხოლო "ბიო ინჯა", ეს უკვე ლაიჯურია. მე აქ გავთხოვდი აზერბაიჯანელზე და სადაც წახვალ, იქაურ ენას ითვისებ. ამიტომ მეც ჩემი ოჯახის ენაზე, აზერბაიჯანულად ვსაუბრობდი", - ჰყვება ეთერ ჯაფაროვი.
ეთერი და მისი შვილიშვილი ჯუნელა
ჯუნელა მხოლოდ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე საუბრობს.
ჯუნელა ბებიას სოფლის საქმეებში ეხმარება
ეთერს ჯოხის გარეშე გადაადგილება უჭირს
ჯუნელა
ტრადიციული ლაიჯური სახლი
სანამა ბაჰრამოვა
84 წლის სანამა ბაჰრამოვა სოფელ გომბორის მკვიდრი მოსახლეა. მისი წინაპრებიც ლაჰიჯიდან გადმოსახლდნენ. სანამას ენა დღემდე აქვს შენარჩუნებული და ლაიჯურად თავისუფლად საუბრობს.
"პაპაჩემი ჩამოვიდა ლაიჯიდან და თან ოჯახი წამოიყვანა. აქ მოჯამაგირედ მუშაობდა და ძალიან უჭირდა. მე აქ დავიბადე და გავიზარდე. სახლში მშობლებთან ლაიჯურად ვსაუბრობდი. თუმცა, მათი გარდაცვალების შემდეგ ქართულად და აზერბაიჯანულად ვსაუბრობთ. აქ ძველმა თაობამ თუ იცის ლაიჯური, ახალგაზრდები ჩვენს ენას აღარ სწავლობენ" - ჰყვება სანამა ბაჰრამოვა.
ემილ მამედოვი
ემილ მამედოვი სოფელ გომბორში ჩვენი მეგზური გახლდათ. ის ლაიჯი ნახევრად, ბებიის მხრიდანაა. ენა არ იცის, ქართულად და აზერბაიჯანულად საუბრობს. მისი თქმით, სოფელში ისლამური ტრადიციები შენარჩუნებული აქვთ და მეჩეთშიც დადიან. ყოველწლიურად აღნიშნავენ შაჰსეი-ვაჰსეისაც, სადაც მამაკაცები ზურგზე ჯაჭვს, ხოლო ქალბატონები გულზე ხელს იცემენ.
მთვარის კალენდრით, მუჰარამის მეათე დღეს აღნიშნავენ შიიტი მაჰმადიანები “შაჰსეი ვაჰსეიდ” წოდებულ აშურას დღეს, რომელიც, ფაქტობრივად, გლოვის დღეა. გლოვობენ იმამ ჰუსეინს, წინასწარმეტყველ მაჰმადის შვილიშვილს, მისი მოწამებრივი სიკვდილის დღეს. “შაჰსეი ვაჰსეის” აშურას შიიტები უწოდებენ. ეს გლოვის დღეს წარმოთქმული ტექსტის - “შაჰ ჰუსეინ, ვაჰ, ჰუსეინ”, “მეფე ჰუსეინ, ვაჰ, ჰუსეინ” - არასწორი, ყურით გაგონილი ვერსიაა და ასე შემორჩა ის ამ დღეს სახელად.
"შაჰსე-ვაჰსეის ყოველ წელს აღვნიშნავთ და ჩვენს პატარა მეჩეთში მოვდივართ. მე-2 წელია ჯაჭვი არ დამირტყავს, იმიტომ რომ შეთქმული არაფერი მქონდა. თბილისში უფრო აქტიურად აღნიშნავენ ამ დღეს, მეიდანზე. ეს სურვილის მიხედვითაა, ვისაც ამის სურვილი არ აქვს, საკლავს კლავს", - ჰყვება ემილ მამედოვი.
სახლის ერთ ნაწილში მეჩეთია განთავსებული
ისლამი წმინდანების სახის გამოსახვას კრძალავს, თუმცა სოფლის მეჩეთში ეს წესი დაცული არ არის.
მირნაგი მირნაგიევი
მირნაგი მირნაგიევი 16 წლისაა. მას სეიდის სტატუსი მამისგან მემკვიდროებით ერგო. სეიდი ეს არის ტიტული, რომელიც აღნიშნავს წინასწარმეტყველი მაჰმადის შვილიშვილების ხასან იბნ ალის, ხუსეინ იბნ ალის, ასევე მისი ქალიშვილის ფატიმა ზახრასა და სიძის ალი იბნ აბუ ტალიბის მამაკაც შთამომავლებს.
მირნაგის სეიდის მნიშვნელობა ჯერ კარგად არ ესმის, თუმცა მოვალეობებს უკვე ასრულებს. მან ორი წლის წინ არაბული დამწერლობის შესწავლა დაიწყო და ახლა თავისუფლად კითხულობს. რელიგიური ტრადიციის თანახმად, სოფელში თუ მუსლიმი გარდაიცვალა, მირნაგიმ მას ლოცვა არაბულად უნდა წაუკითხოს.
"მამაჩემი იყო სეიდი. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს სტატუსი მემკვიდროებით მერგო. 2 წლის წინ არაბულის სწავლა დავიწყე და ახლა თავისუფლად ვკითხულობ. ისე, დავდივარ სკოლაში და ოჯახს სოფლის საქმეებში ვეხმარები", - გვიყვება მირნაგი მირნაგიევი.
ვიდეო
youtube embed goes here!
ვრცელი სიუჟეტი იხილეთ კვირის "მოამბეში", 20:00 საათზე.