გურჯაანი ადრე და დღეს
გურჯაანი ადრე და დღეს
გურჯაანი ადრე და დღეს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული მატიანე უამრავ საინტერესო და ამავდროულად ფასეულ ფოტოს ინახავს.
ერთ-ერთი სწორედ გურჯაანში მდებარე კურორტ „ახტალის“ უძველესი ფოტოა. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი ვარაუდობს, რომ მეცხრამეტე საუკუნეში უნდა იყოს გადაღებული.
-„სანამ კურორტი „ახტალა“ შეიქმნებოდა პრიმიტიული წესით ღებულობდნენ ვანებს, ანუ პირდაპირ ახტალის ქვაბულში ჩადიოდნენ. ფოტოზე ჩანს, რომ დიდგვაროვანი სტუმრები, თავადები სტუმრობდნენ ახტალას, სავარაუდოდ ანდრონიკაშვილები. წინა საუკუნეებში „ახტალა“ სწორედ მათ ეკუთვნოდათ, ეს ერთადერთი დღემდე შემორჩენილი ძველი ფოტოა. სხვა ფოტოები უფრო შემდეგაა გადაღებული,“-ამბობს მარკოზაშვილი.
პირველი ფოტო 1961 წელსაა გადაღებული. ფოტო ასახავს ნიკიტა ხრუშჩოვის, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანის, სტუმრობას გურჯაანში. ჩანს, რომ მას თან ახლდა ვასილ მჟავანაძე - საქართველოს ცეკას მდივანი.
ფოტო გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე, იმ ადგილასაა გადაღებული, სადაც დღეს რესტორანი „კახეთია“. ამ ადგილას მაშინაც რესტორანი ყოფილა, რომელსაც „გურჯაანი“ ერქვა.
ისტორიკოსი მარკოზაშვილი გვიყვება, რომ ხრუშჩოვი თავდაპირველად სოფელ კაჭრეთის კოლმეურნეობას ეწვია, შემდეგ კი გურჯაანს. ფოტოზე ასახულია საზეიმო დახვედრა.
გურჯაანში დიდების მემორიალი 1978 წელს გაიხსნა. პირველ ფოტოზე ასახულია პირველი ცხრა მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ჩანს, რომ მემორიალს ამ დღეს ბევრი ადამიანი სტუმრობდა.
წლების განმავლობაში აქ თითქმის არაფერი შეცვლილა, შეცვლილი/შემცირებულია მხოლოდ ცხრა მაისს მემრორიალზე მიმსვლელთა რაოდენობა.
მემორიალი წარმოადგენს კომპლექსს, რომელშიც შედის:
-საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფერწერული ტილოები და ქანდაკებები.
-ჯარისკაცის მამის ძეგლი, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი. მისი შთაგონების წყარო გახდა ფილმი “ჯარისკაცის მამა”.
-მარადისობის კედელი, სადაც 4000 შინმოუსვლელის სახელია ამოტვიფრული – ისინი, ვინც გურჯაანის მუნიპალიტეტიდან წავიდნენ ომში და აღარ დაბრუნებულან.
-ქვის ხუთი ბურჯი, როგორც ომის 5 წლის სიმბოლო.
გურჯაანში, სადაც ახლა ლიბერთი ბანკია, წლების განმავლობაში ნატო ვაჩნაძის სახელობის კონოთეატრი ფუნქციონირებდა.
შენობა 2007 წელს გასხვისდა, თავიდან ადგილობრივი თვითმმართველობა დებდა პირობას, რომ ობიექტს სტატუსი შეინარჩუნდებოდა, თუმცა 2010 წელს ბანკი განთავსდა.
კინოთეატრი ამ შენობაში 1962 წელს გაიხსნა და ბევრი მაყურებელიც ჰყავდა.
ორივე ფოტოზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაა. პირველი 1985 წელსაა გადაღებული, ხოლო მეორე მიმდინარე წელს.