მზის, ამაღლების, სიძლიერის, ოცნების ასრულების და სიხარულის სიმბოლოს ბევრ ქვეყანაში სცემენ პატივს. მსოფლიო ხალხთა ხელოვნების ნიმუშებში ხშირად გვხვდება მისი გამოსახულება და მას „ტყის ფერიად“ მოიხსენიებე...
მზის, ამაღლების, სიძლიერის, ოცნების ასრულების და სიხარულის სიმბოლოს ბევრ ქვეყანაში სცემენ პატივს. მსოფლიო ხალხთა ხელოვნების ნიმუშებში ხშირად გვხვდება მისი გამოსახულება და მას „ტყის ფერიად“ მოიხსენიებე...
ბალბა
ბალბა

მზის, ამაღლების, სიძლიერის, ოცნების ასრულების და სიხარულის სიმბოლოს ბევრ ქვეყანაში სცემენ პატივს. მსოფლიო ხალხთა ხელოვნების ნიმუშებში ხშირად გვხვდება მისი გამოსახულება და მას „ტყის ფერიად“ მოიხსენიებენ. მისი ყვავილებით უკრაინაში აფორმებდნენ ნაქარგებს, ტანსაცმელს, კედლებს.
საუბარია მცენარეზე ბალბა - Malva, Мальва, მალოქი, მოლოქი, მალვა, აბანქობაჯი, კატატუკი, კორკოტანა.
ბალბა 30-120 სმ. სიმაღლის ერთ, ორ, ან იშვიათად, მრავალწლიანი ბალახია, მწოლარე, გართხმული, ან სწორმდგომი ღეროებით, რომლებიც თავიდან შებუსვილია, შემდეგ შიშველი. მომრგვალო-გულისებრი, იშვიათად 5-7 ნაწილიანი, გრძელ ყუნწიანი, დაკბილულ კიდეებიანი ფოთლების უბეებში 1-5 ყვავილი ვითარდება. ბალბის ზოგიერთი სახეობა ივითარებს მტევან ყვავილედს. ყვავილები თეთრია, მოიისფრო-ვარდისფერი, ან წითელი. გვირგვინის ფურცლებს გასდევს სამი მუქი სიგრძივი ზოლი. ყვავის ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე. მშრალი ნაყოფი მომწიფებისას რამდენიმე ნაწილად იშლება და წვრილი თესლები შორ მანძილზე იოლად ვრცელდება ქარით. ბალბა თაფლოვანი მცენარეა. ბალბის ყვავილებისგან ამზადებენ საღებავს. ზოგიერთი სახეობა გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში.
ბალბა ბუნებრივად გავრცელებულია ზომიერი, სუბტროპიკული და ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში კავკასიის, დასავლეთ ევროპის, შუა და მცირე აზიის, ჩრდილო აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, რუსეთის ევროპული ნაწილის და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის ტერიტორიაზე. საქართველოში მთის ქვედა და შუა სარტყლის ბუჩქნარებში, ტყეებსა და ნათელ პარკებში, დანაგვიანებულ ადგილებსა და გზის პირებზე გვხვდება 5 სახეობა. მათგან Malva silvestris და M. neglecta მთელ საქართველოში, M. erecta და M. ambigua - მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, M. pusilla - აფხაზეთსა და ბორჯომში.
youtube embed goes here!
იაპონიაში ბალბას ჯადოსნურ მცენარედ მიიჩნევენ. სწამთ, რომ გულის ფორმის ფოთლების მაგიურ ძალას შეუძლია შეაჩეროს სტიქია. ლეგენდით, იაპონელებმა თავის ღმერთებს, რომლებმაც ხალხს თავიდან ააცილეს ხშირი წყალდიდობები, მადლობის ნიშნად, მიუძღვნეს ბალბა. მას შემდეგ, ქალაქ კიოტოში ყოველ წლიურად, 15 მაისს გრიგორიანული კალენდრით, იმართება გაზაფხულის ზეიმი - ბალბის ფესტივალი „აოი მაცური“, რომელიც სათავეს იღებს იმპერატორ კინმეის (539-571 წწ.) დროიდან. ფესტივალის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ დიადი მეომრები და კარისკაცები. არისტოკრატები კი სალოცავად ბალბის ყვავილებით მორთული მდიდრული ტანისამოსით მიდიოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბალბა უფრო მეტად პოპულარულია ხალხურ მედიცინაში. თუმცა, გვარის ზოგიერთი სახეობა გამოიყენება კულინარიაში. აღმოსავლეთის ქვეყნებში ბალბის თესლი პოპულარულ სანელებლად ითვლება. არაბულ ქვეყნებში იყენებენ ეროვნულ კერძებში. ზოგიერთ ქვეყანაში ბალბის ფოთლებისგან ხარშავენ ჩაის, იყენებენ როგორც სანელებელს, ყვავილებით კი აფორმებენ კერძებს. ეგვიპტეში ბალბის ფოთლებისგან ამზადებენ სუპს - მელოკია. კავკასიაში მიირთმევენ როგორც მინდვრის მხალს.
საქართველოში საკვებად გამოიყენება ბალბის 2 სახეობა (Malva silvestris და M. pusilla) და მას უფრო მეტად მოლოქის სახელით მოიხსენიებენ. მცენარის ნორჩ ფოთლებს ხარშავენ მინდვრის მხლად.
რაც შეეხება ბალბის სამკურნალო თვისებებს, მას ადამიანი 5000 წელია იცნობს. ბიბლიაში ნახსენებია, რომ წინასწარმეტყველი მოსე ციებ-ცხელების მქონე ავადმყოფებს ბალბის ნახარშით მკურნალობდა. ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები მცენარეს იყენებდნენ ჭრილობების მოსაშუშებლად. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ იმპერატორ კარლოს დიდის ბრძანებით, ბალბა მოჰყავდათ სასახლის ბაღსა და მონასტრებში.
სამკურნალო მიზნით გამოიყენება ტყის ბალბის (Malva silvestris) ფოთლების, ყვავილების და ფესვების ნახარში და ნაყენი. ბალბის ქიმიური შემადგენლობა მცირედაა შესწავლილი. ცნობილია, რომ მცენარეში დიდი ოდენობითაა С და А ვიტამინები, კაროტინი და ლორწოვანი ნივთიერებები. თესლებში დიდი ოდენობითაა ცხიმოვანი მჟავები. უსაფრთხო სამკურნალო მცენარეს ვერ იყენებენ ისინი, ვისაც აქვთ ალერგია ბალბაზე.
ბალბის ფოთლების და ყვავილების ნაყენი და ნახარში ჩაის სახით გამოიყენება პირის ღრუს და ყელის მიდამოების ლორწოვანი გარსების ანთებების, მშრალი ხველის და კატარის დროს. პროფილაქტიკისთვის, გაცივების, სურდოს და ბრონქიტის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი მოქმედება, ხელს უწყობს ლორწოვანი ქსოვილების აღდგენას, ნახველის გათხიერებას და გამოდევნას სასუნთქი გზებიდან. სხვა მცენარეულ ნაკრებთან ერთად, ბალბის ჩაი აუმჯობესებს მომნელებელი სისტემის მოქმედებას და აცხრობს ლორწოვანი გარსების ანთებებს. ეფექტურია ჭარბ წონასთან საბრძოლველად.
კომპრესების სახით ბალბის ნაყენი, ან ნედლი ფოთლები გამოიყენება კანის ანთებების, დამწვრობის, ფურუნკულოზის და წყლულოვანი ჭრილობების სამკურნალოდ. შველის კანის გაღიზიანებას, ეფექტურად ხსნის შეშუპებებს და ამშვიდებს კანს. ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, აჩქარებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას და კანის საფრის აღდგენას. რეკომენდირებულია აგრეთვე, ქუთუთოების შეშუპებისას. ბალბაში შემავალი ფიტოესტროგენები აუმჯობესებს ქსოვილების ელასტიურობას და ეფექტურია მკერდის კომპრესებისთვის.
youtube embed goes here!
ძველ ეგვიპტეში ბალბის თესლებს იყენებდნენ სასუნთქი გზების გასაწმენდად სხვადასხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების დროს. არაბები ამავე მიზნით უმატებდნენ ყავაში. სასუნთქი გზების გასაწმენდად ხალხურ მედიცინაში მცირე რაოდენობით ბალბის დაფქვილ თესლებს ურევენ ცოტა თაფლს და შემდეგ ასხამენ ჩაის ნაყენს.
გარდა ფოთლებისა და ყვავილებისა, სამკურნალო მიზნით გამოიყენება ბალბის ფესვების ნახარში კომპრესის და ჩაის სახით სხვადასხვა ანთების, ბრონქიტების, პნევმონიის, გაცივების, ხველების, სურდოს, დიარეის და კუჭის დაავადებების სამკურნალოდ. ტიბეტურ მედიცინაში იყენებენ როგორც შარდმდენი საშუალება.
ბალბის ნაყენი პოპულარულია კოსმეტოლოგიაშიც, როგორც კანის აღმდგენი, გაღიზიანებული კანის დამამშვიდებელი და დამატენიანებელი საუკეთესო ვიტამინოზური საშუალება. ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმს, არეგულირებს ცხიმოვან ბალანსს. მისგან ამზადებენ კანის დამცავ, მკვებავ, აღმდგენ და დამამშვიდებელ მალამოებს. აგრეთვე, საბავშვო შამპუნებს, მაკიაჟის მოსაცილებელ და მგრძნობიარე კანის მოვლის საშუალებებს, ანტიპერსპირანტებს, აბაზანის გელს და სხვადასხვა კოსმეტიკურ ბალზამებს.